კრებული - ფილოსოფიური, სალიტერატურო და პოლიტიკური ჟურნალი
ვინ?
"კრებული" აერთიანებს მშვენიერებაზე, სამართალზე, მეცნიერებასა და ადამიანურ ღირსებაზე აჯანყებული საერთაშორისო რეჟიმის რამდენიმე კრიტიკოსს. ამ "მისიაში" ჩვენს გვერდით არიან ჩვენი თანამედროვენი, ყოფისა და ცოდნის დეგრადაციის საერთაშორისო მტერნი, და საუკეთესონი ჩვენს წინაპართაგან. ასეთები იყვნენ, მაგალითად, 1871 წლის ჟურნალ "კრებულის" დამფუძნებლები, რომლებმაც პირველად - თუმცა, წარუმატებლად - სცადეს მეცნიერული აზრის საფუძველზე აეხსნათ და გაეგოთ ქართველი ხალხის უბადრუკი ბედი. უარყოფდნენ რა იმ საძრახ მოსაზრებას, რომ ჩვენი უბედურება, სიღატაკე, "ჩამორჩენილობა" და სხვა ღმერთის ნება იყო, მათ მოიმარაგეს ყველა ის პროგრესული თეორია, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ და გონის გამარჯვებისათვის ბრძოლას შეუდგნენ. მიუხედავად ჩვენი ობიექტურ და სუბიექტურ ლიმიტაციებისა, თანამედროვე "კრებული" შეეცდება, რომ ღირსეულად გააგრძელოს საქართველოს მებრძოლი, პროგრესული აზრის მდიდარი ტრადიცია.
რატომ?
იმიტომ, რომ საჭიროა; იმიტომ, რომ მხოლოდ თეორიით შეიარაღებულ პრაქტიკას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს ჩვენი ბედი და ბოლო მოუღოს გონებრივი სიბნელისა და მატერიალური ტანჯვის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.